Загрузка...
კარმენი / karmeni - carmen - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » კარმენი / karmeni - carmen


5:08 PM
კარმენი / karmeni - carmen


მწიფობის სუნი ასდით ბალახებს,
მწიფობის სუნში თვრება ბალახი,
ამხელს და თითქოს მაინც არ ამხელს,
რომ კიდევ რჩება გადასალახი
ერთი ნაბიჯი_ყველაზე მძიმე,
ყველაზე ტკბილი და მაცდუნები,
მწიფობის სუნში ჩამოღვრილ წვიმებს
მაღლა აკავებს ალღო ბუნების

ყველაზე ადრე ღამდება შენთვის,
რადგან შენ იცი სიბნელის ძალა,
რომელსაც მდუღარ ძარღვებში მალავ,
რომელიც ჰაერს შუქივით ერთვის.
შენ შეგიძლია ყველაზე ადრე
იგრძნო ღალატის ჩურჩული გულთან,
რადგან არასდროს დაეძებ საყრდენს
და სისხლში სიტყვებს არასდროს ურთავ.
შენი სიტყვები სისხლია თავად,
ისინი ჰგვანან მდინარეს,რომელიც წავა
და სიყვარულიც წავა აგრეთვე.

კარმენ,მე მახსოვს,როგორ მელოდი
და როგორ კვნეტდი ბალახის ღერებს ,
მკერდს გიწამლავდა ის მელოდია,
ჩემმა თითებმა რომ იგრძნეს მერე .
წვიმები უკვე მხვდებოდნენ გზაში,
დავიწყებოდა გზები წვიმასაც
და მე გუმანით ვგრძნობდი წინასწარ
ჩემს დამარცხებას_ტკბილსა და საშიშს.
მე მივაღწიე მინდვრის პირამდე,
როგორც მლოცველმა ნესტიან ეკვდერს,
ისიც ვიცოდი,რომ გამწირავდი.
და განწირული ბალახში ვეგდე.
კარმენ შენ ყველა ქალის სანაცვლოდ
ჩამჭიდე ხელი და გამიტაცე
ჩამჭიდე ხელი და გამიტაცე,
წვიმა ვიყავი და წვიმამ დამაზრო,
წვიმა ვიყავ ვიქეც მიწაზე.
კარმენ, შენ ყველა ქალის ტუჩებით
მკოცნიდი, როგორც ალი მთუთქავი,
მკერდს მიშიგნავდა ვნება უჩვევი
და ყველა ქალის სუნთქვით სუნთქავდი.
წვიმამაც განაგებ დაიგვიანა,
ღრუბელმაც განგებ რაღაც ანიშნა
და, როცა ჩემი იყავ მთლიანად,
შემოეხვიე მინდორს ზარნიშად.
მე ორი მრგვალი სამოთხის გულში
ჩავყვინთე მაშინ და სამოთხემაც
გაიზიარა ჩემი მოთმენა,
დაკოცნა ჩემი თვალები მრუში.
კარმენ, მე ვგრძნობდი, რომ ვარსებობდი,
რომ მეც ვმღეროდი იმ სიმღერასთან
და ყველა ქალის ვნებით შებორკილ
სხეულს იმათი ხარკიც ემართა.
უმალ იმ მიწის წვიმაც მოვიდა
და ძარღვებივით ლურჯი რუები
თავბრუდამხვევ და გამაბრუებელ
სიზმრებს აფრთხობდნენ სიმარტოვიდან.
იქ ეგდო შენი პატარა ჩანთა,
მრგვალი სარკე და მაღალი წინდა
და იმ სარკეში თვალნათლივ ჩანდა,
რომ მხოლოდ ჩვენთვის ქუხდი და წვიმდა.
რომ მოდიოდა სიცოცხლე ცალკე,
ჩვენ კი სხვა მხარეს ვეძებდი ნაპირს,
გადაბრუნებულ მიწას და სარკეს
სხვა ვარსკვლავების ეხვია ქაფი.
კარმენ, იქნებ მე გადაგარჩინე,
რომ იმ სარკეში არ ჩამიხედავს,
რადგან სხეული გრძნოდა საშინელ
შუქს, რომ დამფლეთდა ბოლოს ისედაც.

შენ ვერასოდეს დაგაბრუნებენ
იმ ძველ საწოლში, ღმერთო, რატომღაც
შენ ყველა კაცის გვერდით მარტო ხარ
და არასოდეს ებრძვი ცდუნებებს.
შენ ყველა კაცთან ნაწილ და ნაწილ
კვდები, ცისკრისას რომ გადნე სუმთლად,
ჯერ მოუსვლელი წვიმები გაწვიმს,
ჯერ დაუმდგარი ზაფხული გთუთქავს.
შენ არასოდეს ითხოვ შენდობას,
რადგან საკუთარ სიმართლეს ებრძვი,
მხრებზეც არავინ ჩამოგეყრდნობა,
არ დაიჩოქებს არავინ შენს წინ.
და არც გჭირდება ბევრჯერ ნათრევი
ერთგულების და ტრფობის სიტყვები,
ვერ დაისერავ მკლავს სამართებლით,
შენ დამთავრების შემდეგ იწყები.
შენ მართალი ხარ ჭრილობისათვის,
შენი სიტყვები ჰგვანან მეომრებს,
რადგან ცხოვრება რასაც გასწავლის,
შენ უკვე იცი და იმეორებ.
ხან ცხელ ლოყაზე გისვამენ ნახშირს,
ხან გახსენდება, რომ მოკვდი გუშინ
და გადადიხარ ქალიდან ქალში
როგორც მზის სხივი სხეულიდან სხეულში.

თითქოს ლღვებოდა ეგ თბილი ტანი,
ეგ თბილი წელი, ეგ თბილი ძუძუ,
გახარებული ამხელა ღამით
თვალის გუგებში ვქოლავდი უძლურ
წმინდანის ცრემლს და სინანულს, მაგრამ
სანამდე უნდა ჰგვემო და ჰქოლო
სისხლი, რომელიც გაყვირის მხოლოდ,
რომელსაც ცხელი ზის დაღი აკრავს.
ბოლოს ყველაფერს ფასი დაედო,
რაც ბუნდოვანი იყო აქამდე
და ვარსკვლავებიც მოკვდნენ საერთოდ
ანდა სამყაროს იქით დაქანდნენ.
შენ მომაწოდე წყალი, რომელსაც
ტუჩებს ვერავინ ვერ აკარებდა,
შენი ხმაც უფრო იქით მომესმა,
უფრო შორიდან და შენს გარედან.
მაინც დავლიე და მოვიწამლე.
რაღაც უკვდავი შხამით ნაკვები,
შორი მანძილი იყო მიწამდე
ხოლო შენამდე-უფრო ნაკვები.
იქ ანათებდა შენი ბაგენი,
როგორც სამსხვერპლო ქვაზე ნიშანი
და მივხვდი, მაინც რომ მოგაგენი,
შენი სურნელიც რომ შევიცანი.

თენდება...გაბნევს უხი სინათლე
და ქრიზანთემას მინდვრის სუნი სდის,
შენ ვერ გაგწირეს სიყვარულისთვის,
შენ მხოლოდ პეშვი სითბო ინატრე.
თენდება.. რბილად ცახცახებს ნეკნი,
რა ქნას სურვილმა, გზადაკარგულმა,
და, როგორც ფოთლს ფოთოლი, ვეკვრი
გრიგალს, რომელიც ტანში დაბრუნავს.
მივფრინავ, თუმცა უმოძრაოდ ვარ,
რაღაცას მცხრალი მთვარეც მანიშნებს
და მოქირქილე სულის საოხად
ხელებს ჯვარივით ვაწყობ ბალიშზე.
შენ იყურები აღლა და მაღლა
და თითქოს უკვე გარბიხარ ჩვენგან,
როგორც ნახევარადჩაძირულ გემბანს,
ისე სასტიკად და დამღუპველად,
რომ გრძნობ: თვალებში, გულში, სიზმარში
გაგიჟებული ქარი უბერავს.
მეც შენთანა ვარ! ჩვენ გავასწარით
საკუთარ ნაბიჯს და გზას გვიღობავს
დამიზნებული ყელზე ბაწარი:
მოვალეობა და გულგრილობა.
შენ გაიმარჯვე! მე შენთანა ვარ,
სიკვდილის წრიდან ვცდილობთ გაძვრენას,
შენ გაიმარჯვე, უფრო ტამამდ!
არ შეგაშინოს იმ სიმკაცრემაც,
რომელსაც როგორც სასჯელს მოველით,
რაც გვიქადაგა ყველა ქადგა,
რა უცნაურად გვტკივა ყოველი
კოცნა და თითზე თითის გადაბმა,
რა ეშველება მითხარი, კარმენ,
ჩვენს ვნებებს ციცქნა ქალაქის თალწინ,
მოგვიხურავენ დაცინვით კარებს,
ვერ შეგვიფარებს ვერავინ აწი.
ვინ გაიმეტებს ორიოდ ლუკმა
სიმარტოვეს და სიჩუმეს ჩვენთვის,
წყეული მთვარეც ანათებს უქმად,
ყველა ხის ძირთან მიგვასწრებს ღმერთი,
და ყველა სარკმელს ბნელით შებურავს
რომ ყველა ცაზე ჩაქრეს მთიები,
ჩვენ გავიმარჯვეთ, გამარჯვებულებს
სიყვარულს არარ გვაპატიებენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1176 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0