Загрузка...
ლევან ვასაძე - ბედნიერება / levan vasadze - bedniereba - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ლევან ვასაძე - ბედნიერება / levan vasadze - bedniereba


9:14 PM
ლევან ვასაძე - ბედნიერება / levan vasadze - bedniereba


ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ!
შენი შვილების თვალებში მნახე.
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან,
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში
და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში,
დაზამთრებული გურიის მთებში,
ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
საგაზაფხულედ მზა ნადურებში
და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.

ბედნიერებამ მითხრა: რად მეძებ!
მე ხომ მეგრული ნანები მქვია,
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია.
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო.
სტუმრის გულიან მოსაფერეთის,
უარყოფა ვარ სოფლის საამო.
ის ქალაქი ვარ, ქარის მცნობელი,
გულით ბაგრატის გუმბათისხელა,
ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი,
ზრდილობიანი ვარ საპოვნელა.
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური.
უშბის კალთა ვარ, მეწყრად დაშლილი
და აქაფებულ ენგურს ნაწური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი,
გერგეტის მზე ვარ, მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში.
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული,
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ.
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ.
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერმოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არგუებული
შენი ერთგული აჭარელი ვარ.

ბედნიერებამ მითხრა: თუ მეძებ,
ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან…
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე,
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან.
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული,
სანთელ-ბერების არგანაგონი,
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის.
ტაოს ცრემლი ვარ, ბანად შთენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ ფხოველის…
კლარჯეთის ხმა ვარ, ვერმოწვდენილი
გალავნებამდე სვეტიცხოველის…
მამა გრიგოლის შეწყნარებული
არაუდები ხანძთის შვილი ვარ.
ფარავანი ვარ, ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ.
თუ არ დაგღალე, აფხაზეთი ვარ…
სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს.
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ,
სანამ უფალი არ მაპატიებს
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ-ქალების მალულად დევნას,
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას.
სანამ უძღები შვილი მამასთან
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ,
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა.
სანამ ილორში წმინდა გიორგის
არ მივენდობი მწირველ მღვდელივით
და არ ვიტირებ, რაც არ ვიცოდი,
ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით.
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად
სამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად,
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.

ბედნიერებამ მითხრა: სად მეძებ!
მზე დასავლეთში როდის ასულა!
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე
და ვეღარ იცლი, იდგე კაცურად!
სადმე სულ ახლოს, აქ, ვარძიასთან,
სარგის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან,
მის მოღალატე ცოლის დანკალზე,
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს
ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდის ძღვენთა კვეთისა.
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ,
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ
მიადგებოდე მოპარულ ლორეს…
ბედნიერებამ მითხრა: რა ვიცი,
კახში ინგილოს რა ეშველება,
თუ გეშორება უკვე დმანისი
და მარნეული არ გეშენება…
ისე მოკვდები, გარეთ არ გახვალ,
რისთვისღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ?
შენ, ძმაო, ქართველს სულ აღარ ჰგავხარ,
რას ადღეგრძელებ! რაებს იხსენებ!
ვის რად არგია, სად რა მოგსვლია?!
დასთვრები, ისტორიას იჩემებ…
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას…
არაფერს არ ქმნი, რითღა შოულობ
მაგ საგროვებელს და არა – სარჩოს?
მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ,
როცა იყიდი და აღარც გახსოვს,
რისთვის იყიდე, რის გეშინოდა,
როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი,
რით მიგაძინეს და რა გინდოდა,
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი.

ბედნიერებამ მითხრა: არ მეძებ!
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას
იავარქმნილი გულისნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას…
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი,
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი
ნაღდი თბილისის საღამოებად,
არდანაბიჯებ ხატების გრილში,
ვიწრო ქუჩების ჭა-ეზოებად,
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში.
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში,
რაც ღმერთმა მოგცა, იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში,
მოიქცეოდი, როგორც ივერი.
ჩაგიხუტებდი, რაც წლები დაგრჩა,
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი
და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა,
აწი იმაზე დაფიქრდებოდი.
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა,
ნააღსარებზე აწი შენს გულზე
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა.

ამიტომ ნურსად, გესმის, ნუ მეძებ!
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე!
…და სიხარულის უხლებ ველებზე
იმედის სიოდ გამომიძახე!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1921 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0