Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - წერილი დედას / torrnike narozauli - tserili dedas - 29 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29 » თორრნიკე ნაროზაული - წერილი დედას / torrnike narozauli - tserili dedas


4:49 PM
თორრნიკე ნაროზაული - წერილი დედას / torrnike narozauli - tserili dedas
დე...

რამდენი ხანია ასე აღარ მომიმართავს შენთვის,
რაც გავიზარდე ან ვიტყუებ თავს და ვდიდკაცობ,
გწერ წერილს, (შენს თვალებში მცხოვრები ღმერთის
სახელით) სევდა მცირედით მაინც, რომ გავიქარწყლო.

ძვირფასო დედა!
(ასე მასწავლეს წერილის დაწყება),
მომიყვნენ შენი დატანჯული ცხოვრების ამბებს
და სადაცაა ყველა ძარღვი, ნერვი დამწყდება,
ისიც არ ვიცი, როგორ უნდა გავუძლო ამდენს,
ან როგორ შევძლო - შევიკავო ყელში ტირილი,
როგორ დავწერო რა გადაგხდა, რას გაუძელი,
აქ ყველა სიტყვა ნაგავია – შენი ჭირი მე!
ნეტავ მოგშლოდა მშობიარე ჩემზე მუცელი,
რამდენ თეთრ ღამეს აცდებოდი, შავ–ბნელ განთიადს,
მეც არ მომკლავდა ჩემი ყოფის ვერ გამართლდება...
რაც გინდა წმინდო, მოუარო, ჯართი – ჯართია!
არ ვიცი, შვილებს რა ჭირი გვჭირს, რა გვემართება,
როცა აუგად ვიხსნიებთ ცხრა თვის მანძილზე,
ვინც საკუთარი მუცლით გვზიდა, მუცლით გვატარა,
ალბათ ბანალურ ფრაზებს ვაფრქვევ, იქნებ არც ისე...
ახლა რაც ვიცი, ის არის, რომ შენი პატარა
"გულის წამალი",
იქცა დიდკაცად, ქვაკაცად და სამარხის ლოდად,
რომელ სამარხშიც საკუთარი სახე დამარხა,
ის ერთადერთი სინამდვილე, რომელიც ჰქონდა,
რომლითაც ჰგავდა საკუთარ თავს – მაშინ დაკარგა,
ცვხოვრების სპექტაკლს რომ შეჰყვა და ნიღბის მორგება
მოინდომა იღბლის სცენაზე. –
როდესაც თვალნი ამოშანთეს შანთით მოგვებმა
შავი კეისრის. და ნაღველით აცხეს ენაზე
ძმარი.
ქარია ირგვლივ, დედა, ტკივილის ქარი,
მკერდში მეწვება რაღაც ნარცხნივ, რაღაც ძლიერად,
შენი თორნიკე გაიზარდა, მაგრამ მითხარი,
რომ კვლავ შემორჩა იმ პატარა ბავშვის იერი,
წინ და უკან რომ დაგყვებოდა "დედა"–ს ძახილით,
მხოლოდ შენს ხელებს რომ ეძებდა, მხოლოდ შენს თვალებს,
მითხარი, რომ კვლავ იმ ბავშვსა ჰგავს – კაცი დაღლილი,
კაცი, რომელიც ნიღბებმა და სცენამ შეცვალა.

დე,
შენს თვალებში ღმერთი ცხოვრობს – შენ ხარ ტაძარი,
ყველა ბილიკი შენსკენ მოდის ვიწროც და ფართოც,
მე – შენი ჯვარი და მაკვირვებს, როგორ დამძარი
ამ აღმართებზე, როგორ მზიდე, როგორ აღმმართე?!
შენი ხელები მეხიდება დღესაც ხრამებზე,
შენი ბეჭები მიმათრევენ დღესაც ნაწამებს, –
ჩემზე დარდისგან გამოკვეთილ სახის ღარებზე,
როცა ცრემლი გდის, როცა ცრემლი ნამავს წამწამებს
გული მიკვდება! (გული თუ მაქვს... –
გული რომ მქონდეს
უნდა მომქონდეს ყოველ დილით შენთან სხეული,
თავჩაქინდრული, ჩამომხმარი, როგორც ტირიფი,
შენდობას გთხოვდე,
შენი ლოცვით ქვესკნელიდან ამოთრეული,
შენდობას გთხოვდე, გიკოცნიდე ხელებს ტირილით.
მაგრამ არა მაქვს.)

დე,
შემინდე ჩემი უგულო
ყოფნა და ყოფა, ლექსის ყეფა, ლექსის ღავღავი,
რომ გაიძულებ ჩემს დაღვრემილ სახეს უყურო
ყოველდღე ნაღველშემოყრილს და თუ არ დაგღალე,
ისიც შემინდე –
ლექსებს რომ ვარქმევ ასეთ ნაჯღაბნებს,
და ნაჯღაბნი ლექსებით რომ გესაუბრები,
შემინდე,
სუსტი აღმოვჩნდი და მიწამ დამჯაბნა,
მიწამ, რომელზეც დროებით ვართ, სადაც სტუმრები
უნდა გვერქვას და მასპინძლების როლი მოვირგეთ,
ნუ დავიუნჯებთ,
დე, ჩვენ მაინც ამ ბნელ დილეგში!
სადაც ჟანგი სპობს და ფული წყვეტს ტყუილ–სიმართლეს,
ვისაც არ მოსწონს ეს სიმღერა გასცრას კბილებში!
ვისაც არ მოსწონს ჩვენი რწმენა ერთი იმათიც!

მკვდრებმა დამარხონ საკუთარი მკვდრები მიწაში,
აიაზმაში განიბანონ მკვლელის ხელები,
გათხარონ დიდი სამარხები, მერე მიწვნენ შიგ
და დაელოდნონ ქრისტე მოსვლას, როგორც გველები
მზის ამოსვლას ელოდებიან, –
მერე დგებიან და გესლავენ მზეს და მის სხივებს,
როგორც ღვთისშვილებს, ღმერთის შვილებს, როგორც ხვდებიან
წუთისოფელში, როგორც ჰკბენენ მკვდრები ღვთისშვილებს.

ხელებს იშვერენ, ტალახიან ხელებს, ქოლავენ
მეძავებს, ბრმებს და იშორებენ ყველა კეთროვანს,
მათ ეზიზღებათ წაკითხული ჩვენგან მორალი
და საკუთარ თავს სცემენ თაყვანს, სახელს ეტრფიან,
მაგრამ ისინიც უყვარს უფალს, იქნებ მეტადაც,
ჩემნაირ გულღრძო, სახემოხსნილ კაცზე მეტადაც?!
დროა დასრულდეს ეს წერილი, გულით ვეცადე
(რომელიც არ მაქვს) მომეწერა, გულით მეწადა
არ დამემძიმა ჩემი ბოღმით, ჩემი სიშლეგით,
რაც (როგორც ხედავ) არაფრით არ გამომივიდა, –

ვეცდები, სანამ იშხანივით ჩამოვიშლები
შენს, ცაზე ცისფერ, თვალებამდე ამო(მი)ვიდე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3892 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, Стихи, პოეზია, ლექსები, leqsebi, поэзия, torrnike narozauli, თორრნიკე ნაროზაული, tornike narozauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 თამო  
0 Spam
<3 სიტყვები ზედმეტია <3 აი ისეთია სულში რომ აღწევს.

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0