მთავარი » 2017»დეკემბერი»10 » რობერტ მესხი - მოპირდაპირე სახლის სახურავიდან / robert meskhi - mopirdapire sakhlis sakhuravidan
1:08 PM
რობერტ მესხი - მოპირდაპირე სახლის სახურავიდან / robert meskhi - mopirdapire sakhlis sakhuravidan
ვესტერნივით ღამეა. ჩრდილოეთიდან მოფრენილი მოჩვენება ფანჯრებს მიორთქლავს და წამახული ფრჩხილებით შემოხაზულ წრეწირებში ერთადერთი რიცხვი - 16 - გამოჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თექვსმეტ წლამდე ბავშვებისთვის აკრძალულია. თინეიჯერებს რა გამორჩებათ? მოპირდაპირე სახლის სახურავზე სხედან და მითვალთვალებენ, აინტერესებთ, როგორ ვიკეთებ საკუთარი ხელით საკეისროს, რისთვისაც სულ რამდენიმე იარაღი მჭირდება: თითქმის განახევრებული ფანქარი, (ცხადია, არასტერილური), ერთი დაჭმუჭნილი ფურცელი და სიგარეტი, ადგილობრივი ანესთეზიისთვის. ფანქრის მსუბუქად დაჭერისთანავე ელვასავით იხსნება კენჩხის კბილანები, მთავარია, საჭირო წერტილი იპოვო. სერპანტინივით დაგრაგნილი ნაცრისფერი სხეული ფეთქავს, ვითომ გულმკერდი გამეგლიჯოს. ვესტერნივით ღამეა. ადგილობრივ ანესთეზიას ვიკეთებ და ვგრძნობ, როგორ ისხამს ნაცრისფერ სხეულში ჩარგული ფანქარი დაჭმუჭნილ ფურცელს, რომელზეც ჩემი ახლადმოვლენილი პირმშო პირველი ჩასუნთქვისთვის ემზადება. ესეც შენი ასლია, - ჯერ არ დაბადებულა და თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ო, - გაჰკივის. ვესტერნივით ღამეა. თინეიჯერები ჯერაც სახურავზე სხედან და მითვალთვალებენ. მათ არ შურთ მაინც ღამეში გადახსნილი... ფარდების.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..