შენ ამბობ, რატომ აგროვებო მინდვრის ყვავილებს? დრო გამყავს, ჩემო, (ჩემი არ ხარ, ვცრუობ ამჯერად...) შენთან ყოფნის ახლაც არ მჯერა; უბრალოდ ვდგავარ, მიუსაფარ დღეებს ვაწვალებ, ბავშვივით ვაცლი ყვითელგულა გვირილებს ფურცლებს: მოხვალ? არ მოხვალ?.. მნიშვნელობა თუ აქვს საერთოდ?.. ბოდიში, შენზე ფიქრით გავერთე უხმოდ, უსაზღვროდ... დავიბენი... არ მეკადრება!.. თბილი წვიმა მოდის კადრებად, - ნათლავს ნაფეტვარს... მიყვარხარ-მეთქი, - ვერ შევძელი მეტის გაბედვა, ასე ვარ ხშირად, როცა მხედავან, - ნიავზე სუსტი და ბალახზე გაუბედავი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..