Загрузка...
ილია ჭავჭავაძე - რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით / ilia chavchavadze - ra vaketet, ras vshvrebodit - 7 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 7 » ილია ჭავჭავაძე - რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით / ilia chavchavadze - ra vaketet, ras vshvrebodit


8:55 PM
ილია ჭავჭავაძე - რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით / ilia chavchavadze - ra vaketet, ras vshvrebodit


ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარი: - პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?
მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- შენი მტერი!.. პირღიადა
დავრჩით და ცას შევყუროდით.
მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
ვწეწდით და ვიწეწებოდით.
მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- რუსეთისკენ სახვეწნელად
გავრბოდით და გამოვრბოდით.
მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად, -
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მადლიერნი მუთაქაზედ
ვიწექით და ვნებივრობდით.
მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
თვითო-თვითოდ ვღალატობდით.
მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ წინ გაიგდო, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
ვჯირითობდით, ვბურთაობდით!
მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
ერთს ტაფაში ვიწვებოდით.
მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- შერცხვენილნი და დამწვარნი
აქა-იქა ვჩურჩულობდით.
მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ფერმიხდილნი ბეზღობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მოვყევით და სიხარულით
ყოველდღე ვბედოვლათობდით.
მერე, როს ბეთოვლადობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს ვეცილებოდით.
მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.
მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.
მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ...
ვტიროდით, ვიხოცებოდით!..
მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგივყუჩდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მასზედ ვლაზღანდარობით.
მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- „Наплечо“-ბა გვასწავლეო,
მთავრობას ვეხვეწებოდით.
მერე, როცა... - კიდევ როცა!.. -
აქ გამიწყრა პაპაჩვენი:
- შემაწუხე ამდენ კითხვით,
„პოჟოლუსტა“, დამეხსენი!
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
უსაქმოდ ვეხეტებოდით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 804 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ilia chavchavadze, leqsebi, ილია ჭავჭავაძე, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0