Загрузка...
ნინო ქოქოსაძე - სხვა ლექსი / nino qoqosadze - skhva leqsi - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნინო ქოქოსაძე - სხვა ლექსი / nino qoqosadze - skhva leqsi


11:07 PM
ნინო ქოქოსაძე - სხვა ლექსი / nino qoqosadze - skhva leqsi


მე სკოლაში მასწავლეს ლექსები სამშობლოზე
და რადგან -
ლექსების გარდა სხვას ვერაფერს ვსწავლობდი,
ერთ დღესაც,
მივატოვე სკოლა და
გავთხოვდი.

ხუთი შვილი გავაჩინე.
(აკი -
ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა.)
აქედან:
ოთხი ჩვეულებრივი ბავშვი იყო.
მეხუთე მზის.

მერე მოვიდა ომი.
ომზეც ვიცოდი ლექსები,
მაგრამ ალბათ, ის სხვა ომებზე იქნებოდა.

ჩემი ქმარი ომში დაიკარგა.
ან რა უნდოდა ომში?
მე მითხრა სიგარეტზე გავდივარო.

ჩემმა ქმარმა ლექსები არ იცოდა.
ჩემს ქმარს ფილმები უყვარდა - თავგადასავლები.
მაგრამ ალბათ, ის სხვა თავგადასავლები იქნებოდა.

ძალიან გამიჭირდა.
ძალიან.
გავასხვისე სახლი.

უსახლობიდან
ჯერ უფროსი შვილი წავიდა,
მერე მომდევნო ორი წაიყვანა.
დეიდებთან, ბიძიებთან.

მეოთხე შვილმა საქმე იშოვა.
სულ ცარიელ საფულეებს მჩუქნიდა.
რად მინდოდა იმდენი საფულე?
მეზობლებს ვუცვლიდი მადლში.
მადლზეც ვიცოდი ლექსები,
მაგრამ ალბათ, ის სხვა მადლი იქნებოდა.

ხდება.
სამშობლომ ვერც კი გაიგო ჩემი შვილების ამბავი,
არამც თუ სჭირდებოდა.

ჩემი მზის შვილი პირველი მოკვდა.
დილით მაღალი სიხცე ჰქონდა,
ვარვარებდა.
საღამოს ჩაქრა.
მზეზე ბევრი ლექსი ვიცი,
მაგრამ ის - ნამდვილად სხვა მზეებზე იქნებოდა.

მერე მიყოლებით დაიხოცნენ
ჯერ უფროსი
მერე ორი მომდევნო.
ჩემს ბავშვობაშიც იყო წებო,
მაგრამ ალბათ, ის სხვა წებოები იქნებოდა.

ბოლო შვილმა
( გაცლილ საფულეებს რომ მჩუქნიდა)
სიმთვრალეში მცემა
და მისმა დედამ ჩემში - თავი მოიკლა.
ჰო, ღვინოზეც ვიცოდი ლექსები,
მაგრამ ალბათ, ის სხვა ღვინოებზე იქნებოდა.

აი,
ჩემო სამშობლოვ,
მე დაგიწერე სხვა ლექსი -
შვილებზე, ომზე,
ჩემს შენზე- საბოლოო ჯამში.

თუმცა ეს რა ლექსია?!
ამას -
შენს მეტი, ვინც ახლა კითხულობ,
ვინ წაიკითხავს?

შენ კი, ჰო, შენ,
ვიცი, რომ მოგწონდა ლექსები,
მაგრამ ალბათ, ის სხვა ლექსები იქნებოდა.

2017 თებერვალი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 848 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, nino kokosadze, პოეზია, leqsebi, nino qoqosadze, leksi, leqsi, ნინო ქოქოსაძე, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0