გიორგი საჯაია - ანანურთან / giorgi sajaia - ananurtan
(მინი-პიესა, შენთვის)
ციხის გალავანზე ჩამომჯდარა შემოდგომა, ყვითელი, როგორც მოლაღური. შავი არაგვის თეთრ არაგვთან შერთვის და შეუმდგარი სიყვარულის საღამოა.
მე: - ესეც არ იყოს, პოეზია ყველაფერს აიტანს, მით უფრო - თუ ლექსი პიესაა, და ყველას მოინელებს, ყველა შენნაირ მუჰამედს და იესოს, და ჩემნაირ ბელიარს და შაითანს.
ვალერი ბრიუსოვის პორტრეტს ხატავს ვრუბელი, ხოლო ღრუბელმა, ფეხთან ერთად, კისერიც მოიტეხა. "მოდი-ნახე", აქ, აბა, რა მოსატანია?!
ვრუბელი: - შემართულია ფეხზე ჩახმახი.
ანანურის ეზოში, სამფეხა ტაბლას ვუსხედვართ მე და ჩემი ძველი ნაცნობი - ტაქსისტი მორდეხაი - ციტადელს ვამაგრებთ დოქი ღვინით, დედას პურით და ქვებზე დარჩენილი კალმახით (ვრუბელი ისევ ბრიუსოვს ხატავს) და ლექსის ქოქოლას ვაყრით არაგვის ხეობას.
მე: - მეტის ღირსი ხარ კაცი, "ამ ჩემს ირმის ფეხებს"-ო, ქალი რომ გეტყვის! უნდა წახვიდე და იმ ათასივით დალიო სული...
მორდეხაი: - ან ეს "ირმის ფეხება გოგოები" რა ჯანდაბაა, დაგენაცვლე?! რომელი კენტავრები ჩვენ ვართ, ღმერთი, რჯული...
აგრილდა. ვრუბელი ახლა თამარს ხატავს.
მე: - თუ ძმა ხარ, მაგას ბრიუსოვის პიჯაკი მოახურე, სუსტია მაინც, ყვითელია, როგორც მოლაღური.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..