Загрузка...
როინ აბუსელიძე - გაუგზავნელი წერილები შენ / roin abuselidze - gaugzavneli tserilebi shen - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » როინ აბუსელიძე - გაუგზავნელი წერილები შენ / roin abuselidze - gaugzavneli tserilebi shen


5:49 PM
როინ აბუსელიძე - გაუგზავნელი წერილები შენ / roin abuselidze - gaugzavneli tserilebi shen
I

კიდევ რა გითხრა, რა მოგწერო, ისევ წვიმები,
ისევ ის ძველი ამინდები რჩება, ასეა...
რახან ვფიქრობდი რომ ხასიათს დაგიმძიმებდი,
ავადმყოფობა დაგიმალე, თუმც შენს ხასიათს,
დღესაც ვერაფრით გავახარებ, მოწმედ თბილისი
მყავს, რაც წახვედი მე საკუთარ თავში შემღობა -
ჩვენმა სიშორემ და საერთოდ მოწყვეტილი ვარ,
გაზეთს, რადიოს, ყველა სტრიქონს, ყველა მეგობარს.
თუმც სასმელს მაინც ვეძალები, შვებას ვპოულობ,
არ მსურს იმედით თავი ისევ გავიბითურო,
თვითმკვლელობაზეც მეფიქრება, მაგრამ პაოლოს
და გალაკტიონს მაგ დღეებში აღარ ვკითხულობ.
მინდიხარ, როგორც მოძღვრისათვის ცოდვის გამხელა,
ჩემი დღეები იწყებიან დასასრულიდან,
შენ კი არ მწერ და
მომაკვდავის ხველას და ხველას
შორის რომ დროა - ახლა ისე დაძაბული ვარ...
მენატრებიან შენი თმები, ეს აგვისტო კი
ვერანაირად ვეღარ მივსებს მღვრიე მოლოდინს
და იმ ბიჭს ვგავარ გაგანია ომში ხის თოფით
რომ მიდიოდა, რადგან სურდა გვერდით ჰყოლოდი!...

II

კიდევ რა გითხრა, რა მოგწერო, ან რა გავრითმო?
ვდგავარ და მხრებში გაჩრილი მაქვს ყალბი დროება,
ჩემი ცხოვრება დაემგვანა რახან პალინდრომს
და დღეს - პოეტიც - ალბათ უფლის პალინდრომია,
იქნებ მე მხოლოდ წარმოვადგენ სახელს არსებითს,
ვინც კი მათხოვრად შემრაცხავდეს, ერთი იმათიც! -
სულში დაგროვილ წყვდიადს მაინც ამოვავსებდი,
შენი თითების სუნით, სიზმრით, ზღაპრით, სინათლით,
გვერდით რომ იყო და გულისთქმა რჩება გულისთქმად,
არ ვიცი ჩემში რომელ პოეტს მეტი დრო მივცე,
წერის დაწყების წინ რომ იწერს პირჯვარს, თუ იმას -
პირჯვარს ლექსების დასრულების შემდეგ რომ იწერს.
ეს მუსიკა კი სტროფებისთვის უფრო გამძლეა,
რაღაც საოცრად ამარტივებს ამბის მოყოლას,
მე ყოველ დილით საკუთარ თავს ვენიძლავები,
რომ ისევ ისე არ მიყვარხარ ადრე როგორაც,
მაგრამ ამაოდ, ალბათ ხვდები არრა შემცვლიდა,
ვიხსენებ როგორ გიგროვებდი მინდვრის იელებს
და მსურს საერთოდ ამოგიღო ყველა ლექსიდან,
რომ დამრჩეს მხოლოდ ტკივილი და სიცარიელე!...

III

კიდევ რა გითხრა, რა მოგწერო, არდანახული
რაც არის შენთვის, მითხარი და შედეგს არ ვწუნობ,
ყოველ ოთხაშაბათს და პარასკევს ვეღარ ვიმარხე,
თუმც მინდა ჩემი ურწმუნობა გადავარწმუნო
იმით, რომ გარეთ ზაფხულია, გარეთ ღმერთია
და რახანია აღარ მსტუმრობს სახლში უფალი,
ხოლო სიკვდილი ბრმა ცდუნებებს ისე შერთვია,
რომ ყველა დილას უშენობა გადავუფალი,
დილის ლოცვებიც მავიწყდება, კიდევ ვიცი რომ
ვიღაცა ქალი გამოვიდა ჩვენთან, მეზობლად,
რომელსაც ღამით ჩემზე მეტად სურს დაიძინოს
და ყველა მისი შვილის ტოლი ბიჭი ესობა
გულზე, არ ვერჩი... და იმ ომსაც აღარ ვახსენებ...
სარკეც აღარ მაქვს, თმებს კი ისევ ისე ვიზრდი და
მინდა ჩემს გვერდით რომ გეძინოს, მინდა ასევე
ცხელ მეტაფორებს ვიპარავდე შენი სიზმრიდან.
ეს ხომ ვთქვი უკვე?! მაგრამ მაინც ვერ გამოვდივარ
ამ მუსიკიდან, ამ ლექსიდან, ამ ამბებიდან,
ყველა ხსენებულ საქციელზე უფრო ლოთი ვარ
და რა ხანია ბახუსია ჩემი თემიდა!...

IV

კიდევ რა გითხრა? რა მოგწერო? იმას გპირდები,
რომ ეს ნაწილი წერილისა, უფრო მძიმეა,
მისი წაკითხვა გაცილებით გაგიჭირდება
და მოგაგონებს ძველ ტკივილებს, ზამთრის პერიოდს,
როცა პირველად ერთ საწოლში დავიძინეთ და
მშვიდი გრძნობები ამინდივით გადაგვერია.
გიყვები ჩემო, გიყვები და კიდევ რა გითხრა?
ისეთი, იქნებ აღარც დამრჩა...
და ეს მაღელვებს,
გუშინ დილით რომ მომაგონდა, გული გამითბა -
ის დღე - სიცილით რომ ვურჩევდით შვილებს სახელებს.
ახლა? - ვიგონებ ცრუ მომავალს, შემდეგ ალკოჰოლს
მიძალებული, გამოვდივარ ჩემივ თავიდან,
ვფიქრობ და ვერ ვწყვეტ, ალბათ დროა,
ის დრო - მარტო რომ -
ვიყო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიდეს! -
და მრჩება მხოლოდ პოეზიის სისხლად გადასხმა,
და წერილები, სხვანაირად შვებას ვერ ვიძენ,
საათის სამი.

ჩაქვი.
წელი 2009, 20 ივლისი, კვირა.
როინ აბუსელიძე!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1158 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0