Загрузка...
როინ აბუსელიძე - გარდატეხა / roin abuselidze - gardatekha - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » როინ აბუსელიძე - გარდატეხა / roin abuselidze - gardatekha


5:52 PM
როინ აბუსელიძე - გარდატეხა / roin abuselidze - gardatekha
თითების პოეტი

ამ ღამით მთვარე გამოვიდა მწყობრიდან,
პოეტებმა ლექსებში იმდენჯერ ახსენეს,
\"ბიძია თომას ქოხის\" გადაკითხვა მომინდა,
გარკვეულწილად და მომინდა ასევე,
რომ შენთვის მომეწერა!
სანამდის შეჟონავს -
ტკივილი სტრიქონში და ზემოთ ხსენებული
წიგნიდან შეგადარე ელიზას პერსონაჟს,
სრულიად უსაფუძვლოდ ჩემთვის და ჩემებურად.
ქუჩაში ქარებივით დაჰქროდნენ მანქანები
საღამოს ეკეთა ლექსების ნიღაბი,
დილამდე გიკითხავდი,
მერე შენ კანკალებდი
და მე მაგ თითების პოეტი ვიყავი...

# # #

ასეთს, მშვენიერს, თეთრსა და თმახშირს,
ეს ჩემი მზერა როგორ დაგღლიდა?
შენ გამოდიხარ სახლიდან ბავშვით
და თითქოს დილა მოგაქვს სახლიდან.

ჩაივლი ქუჩას, ტბას, მეთევზეებს
ანკესით ხელში, სიტყვის ანკესებს,
მიეფიცხები ივნისის მზეს და
ყველა კაცს \"იფ-იფ\"-ს წამოაკვნესებ.

ერთი პატარა, ჩია, გოგონა,
პოეზია გაქვს თითქოს ჯებირად
და მაგ შენს სახეს, ზეცას როგორაც -
ჭორფლი შეყრია ვარსკვლავებით.

ქალაქს კი ქალაქს, ცივსა და მდორეს
ხასიათისთვის რჩები იმედად,
შეხვალ სახლში და შეყოლილ ჭორებს,
თმიდან თოვლით ჩამოიფერთხავ!...

დავით გარეჯის თემაზედ

შენ კიდევ იტყვი - არ მწამს -
მაგრამ როგორ არ გწამდეს,
რასაც ყვებიან არ გეგონოს ძილში მოგესმა,
იცი წინაპარს ერთი \"არა\" ეკლო ჯვარცმამდე
და არ თქვა რადგან -
შენ გეცოცხლა რწმენით ოდესმე.
ხედავ თვითონვე
რაც იყო და ახლა რაც არი,
კარგი თუ არ გწამს,
მაშ სად გაქრა შენი ღირსება?
არ შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ტაძარი,
რომელსაც მტერი
უბრძოლველად მიითვისებდა!...

# # #

შენ ასეთს ერთ დღესაც მოგიკვდები,
საღამო ჩამოწვება ფანჯრებთან,
ლექსები? ლექსებზე უმეტესად
შენ ჩემი სიკვდილი დაგრჩება
და ალბათ იქნება უკეთესი
და ალბათ მიხვდები თვითონვე,
სიცოცხლით შენთვის რომ მიცოცხლია,
სიკვდილსაც მხოლოდ შენ გიტოვებ,
მინების დაბზარულ თვალებიდან,
არეკლავ აივნის კოპიტებს
და ერთ დღეს იცოდე რომ მოვკვდები,
მინდა რომ მხოლოდ შენ მოგიკვდე!...

შენი ღმერთები

სისხლი დედდება, შემომყურებს ცივად ტაძარი,
მაგიდა, ჭიქა ბარაკონი, კალამი, რაბლე,
უნდა მოგწერო უსათუოდ, დღეს თავს ვაძალებ,
სანამ ღვინოში ჩამიგდებენ სიკვდილის ტაბლეტს
შენი ღმერთები, სათქმელი რომ გამომაცალეს,
რომ არ ისმინე სიცხიანი პოეტის კვნესა,
უნდა აგიხსნა სიყვარული, დღეს თავს ვაძალებ
და გადმოვარდნილ მონაზვნებზე მიჭირავს დღესაც
თვალი, კლდეზე რომ ბილიკია ვიწრო, საცალო,
სატაცურებით, ყვავილებით და ლავანდებით
სავსე, მე მოვალ უსათუოდ, დღეს თავს ვაძალებ,
ან დედებივით ღვთისმშობლიდან გადავვარდები
ეშმაკში, რაღა დამუქრება, რაღა იარა,
მე შენს ღიმილზე მეტად ჩემი ტკივილი მხიბლავს
და ცა რომელმაც შობის დილა იმშობიარა
და ცისარტყელა, რომ მოჰგავდა იმ დილით ჭიპლარს,
სეანსებია შენეული და ის რაც არი
ახლა, ამ წუთას! რაც არ იყო, არ იყო წინათ!
სიზმრები უნდა ავიხდინო, დღეს თავს ვაძალებ,
მაგრამ ისეა ამ ბოლო დროს სიზმრებშიც მძინავს,
სისხლიც დედდება, შემომყურებს ცივად ტაძარი,
კლდეზე ამავალ ვიწრო ბილიკს მივყვები ქშენით,
მე მივისაჯე რომ მოგიკვდე და თავს ვაძალებ -
სანამდის თავად მომისჯიან ღმერთები შენი!...

ს ა ფ ლ ა ვ ე ბ ი

(ომში დაკარგული ჯარისკაცების ხსოვნას)

ხვალემ - გუშინის - ჩაიხედა სარკეში მგონი,
დღეები დღეებს ამ ბოლო დროს იმდენად გვანან,
დედამიწას კი (ღმერთზე ოდნავ ნაკლები წონის)
თითქოს თავისი არსებობა მოძულებია,
გარშემო მხოლოდ საფლავების იშლება ფონი
და გეგონება - მწოლიარე ორსულებია.

პატარა ბავშვებს, ტყუპ დებს, ძმებს და ოჯახის სხვა წევრთ,
უცნობებს, ცოლებს, შვილმკვდარ დედებს, ცალფეხა მამას,
აქ თქვენ შეხვდებით ყველას ვისაც დაუთქვამს რიცხვი,
ნახონ საფლავი ჭირისუფლის წრფელი ნიღაბით,
შემდეგ მოსთქვამენ (გუშინდელზე უფრო ნაკლებად)
და ვერ ხვდებიან ტკივილებს რომ ათარიღებენ.

ნახავ მხატვრების, ნახავ ძმათა, ნახავ გმირების,
ნახავ დედათა, მამათა და წმინდანთა საფლავს
და მიტოვებულ ბალდახინთა ნახავ მხილებას,
სადაც ხალხი და მომკითხავნი აღარ ჩნდებიან,
თუ შუაღამით საფლავებთან მთვრალებიც მივლენ -
იქ ძირითადად პოეტების საფლავებია.
.
და დედამიწაც საფლავია ყველაზე მეტად,
სადაც გვერგება ჩვენი წილი ნაკვეთი... მაგრამ
იმათ ვინც სულ სხვა მიწაზეა მკვდარი და ფოთლებ
მიყრილი, იმათ ვინც კი იწვდის ხელებს - ხეებად
ანუ იმათ ვინც საფლავების გარეშე რჩება,
ნეტავი ღმერთო რა ელით და რა ეშველებათ???

სავარჯიშო (აჩის არიყოს)

კაზინო - ხვალის ანდამატი,
თუმცა რულეტკა,
თითქოს უბრალოდ ამ თვალების კარუსელია,
რომელსაც მაგ შენს ღრმა თვალებში არ უწერია
ცქერა, არადა როგორ ხარბად დაგიგულებდა.

ისიც არ იცი
ორი წელი სად არ გეძებდით,
შეუჩვეველი ტკივილები უფრო მძაფრია,
შენი წერილი მე შემომრჩა
როგორც რეცეპტი
და სიყვარული -
ვით ექიმის კალიგრაფია,

რომელიც ისე გაურკვეველ იმედს მისახავს,
მმხოლოდ ვხარხარებ,
(ამინდია ერთობ ურიგო)
შემდეგ ორ სტროფსაც ცივ ძარღვებში გადავისხამ და
მაშინ კი მართლა საბოლოოდ
ვხვდები თუ როგორ -

მიბლოკავს.
ასე.
სასაცილოდ
დროის არეალს
მთელი სამშობლოც,
ფეხშველა რომ ვერ მოვიარე
და ჩემი ბედი
ახლა თითქოს ტუზის კარეა,
ხოლო ცხოვრება,
ამოსული ფლეშ-როიალი!...

პ(რ)ოეტესტი

ზაზა სუყაშვილს

აქვე, ბოდიში, ცენზურისთვის,
თუმც ვერ იოკებს
გული სათქმელს და..
ვინც ბოზობდა ისევ იბოზებს!
დღეს პოეზია სამწუხაროდ პოლიტიკაა,
ირგვლივ კი მრავლად ვეჩეხებით პოეტიკოსებს

და ვინც სამშობლოს სასთუმალზე ღამეს უთევდა,
ვერ ეტყვი - \"ხელი ჩაიქნიეს\" \"მორჩას\" \"დანებდის\"
არ შეიძლება საქართველოს ჰქონდეს კუთხე და
ქართველს გადასვლა სჭირდებოდეს საზღვარგარეთის

პასპორტით, დღეს კი ყველაფერი არის სხვაგვარად,
შეგუებულა ასეთ-სვებედს ყველა მგოსანი,
ტელევიზიამ და რადიომ გადააგვარა,
სწორედ მაგიტომ დარჩენილან რადიოსავით

ჩახლეჩილები, ხმადაბლები, უსუსურები,
უამრავია სიტყვაუხვიც, სიტყვატკეპნიაც
და უცილობლად გადაბრუნდეს უნდა ურემი,
თორემ გზას - სხვაგვარ გამოჩენას ვერ უძებნიან.

სწორედ ამიტომ ვაფიქსირებთ ხელის აღებით:
რომ პოეტები რა ხანია ერთად არა ვართ
და მაწანწალა ძაღლი - მაინც აღარ ვაყეფოთ,
თუკი ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ აწი ქარავანს!...

როგორ შეცვლილხართ

ლამის საზღვრები დაგიტოვონ ამოსაქოლი,
შენი ქუჩების, შენი გზების, რაც თუ გადარდებს
და გუშინიდან გრჩება ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ -
დედაქალაქში გამართული გეი პარადის.
როგორ შეცვლილხარ საქართველოვ, როგორ შეცვლილხარ.

თქვენ არ იცოდით თუ რა ნაღველს იტევდა გული,
ხელის ჩაქნევაც არ ყოფილა მახსოვს აქამდე,
დღეს იცით, მაგრამ მაინც ვრჩები მიტოვებული
მეფე ლირივით... და დასკვნაა - თქვენ არ გადარდებთ!
როგორ შეცვლილხართ მეგობრებო, როგორ შეცხვლილხართ.

რაღა საეჭვოდ გაიხადე ხალხში დარჩენა?
რატომ არ არის ირგვლივ რწმენის ერთი ნაგრამიც?
ფაქტია რომ შენს ჯვარცმას უნდა გადავერჩინეთ,
დღეს კი პირიქით, სათითაოდ ჯვარზე გვაკრავენ,
როგორ შეცვლილხარ იეშუა, როგორ შეცვლილხარ.

გაუტაცნია ოცნებები ცქერისას მარჯანს,
ჩვენ ავირჩიეთ ერთადერთი ინიციალი.
გზა კი რომელიც გავიარეთ მოხედვით არ ჩანს
და დღეს ლექსისთვის სხვის ბილიკზე დახეტიალობ,
როგორ შეცვლილხარ სიყვარულო, როგორ შეცვლილხარ.

სტრიქონდაცლილი, სისხლდაცლილი შემრჩი ბოლომდე,
ძველი ტკივილიც ხელაღებით წავიდა, გაქრა,
შენ ერთი მაინც სხვანაირი მსურდა მყოლოდი,
შენ ერთი მაინც არ შემცვლოდი მინდოდა მაგრამ
როგორ შეცვლილხარ ჩემო თავო, როგორ შეცვლილხარ!..

(ირაკლი ბოლქვაძეს და ყველა ბათუმელს)

ყველაფერი შეცვლილა ქალაქში,
მომენატრა საღამო იმნაირი
ბათომს წიგნივით რომ გადაშლი,
ნაცნობ პროსპექტებს რომ იმეორებ,
ზეპირად, კარგი კითხვით, მოყოლით,
ტურისტს ვერ ავუხსენი ვიღაცა
შეიხის გზატკეცილი, ობოლი
გამოვედი ქალაქში საკუთარ,
ტყუილად არ ღირს რომ დაიქანცო,
ყვირილით, მოთხოვნებით.. და კუთავ
წარსულზე. მთავარია გადავრჩით,
ღამეებით, პროსპექტებით, ნისლებით,
ყველაფერი შეცვლილა ქალაქში,
ჩვენ კი არასდროს შევიცვლებით!...

პ-რ-ოეტესტი (პროტესტი პოეტებს)

ისე მარტო ხარ ფეხაკრეფით დადიან შენში
ფანჯრები, დღე რომ უჰაეროდ შემოალაგეს
ოთახში, ისე მარტო ხარ რომ ვერ იტყვი - მზე შინ
შემოდი - რადგან თუ შემოვა ტოვებს ქალაქებს
უმზეოდ, შიგნით იმოდენა სივრცეა, ცაა,
გახსოვს არასდროს ამნაირი გრძნობა არ იყო,
ზოგჯერ ტკივილი ტკივილია და შვებაცაა,
რომ დაიხსომო ყველა რიცხვი, ყველა თარიღი,
როდესაც მარტო იყავი და როცა ეკიდე -
სამშობლოს, ოჯახს, შეყვარებულს, ქალაქს, მეგობარს,
ქუჩას, ტროტუარს, ბედისწერას, ბაწარს... შენ კიდევ -
გჯერა რომ სულის სიმშვიდისთვის ლოცვა გეყოფა,
არადა ყოველ დაწოლის წინ ფიქრობ იმავეს,
რაც გულს გიკუმშავს, არსაითგან არ ჩანს საშველი,
იცი სამშობლოს სადაცაა დაგაჟიმავენ -
თავზე და ირგვლივ ხმას ვერავინ შემოგაშველებს,
დღეს ასეთია შენი ყოფა, შეგუებითი,
არ ძალგიძს მთელი ძალისხმევით დადგე, იყვირო -
- მე დედა მოვტყან თქვენი მრწამსის, თქვენი თემიდის! -
და გგონია რომ საბოლოოდ გამოიტირე -
ის შვილი, შენს ცოლს რომ მოშორდა, როცა გარბევდნენ,
რომ არ დაზრდილა მგლის ლეკვად და ალგეთს კიდევაც,
როცა გიცქერდნენ მოკრძალებით და დახარბებით,
თუ რა სიმტკიცე დაანახე ყველა მიმდევარს -
შენი წესების, პოლიტიკის, ეს ხომ შემთხვევით
მოხდა, მივხედოთ მთავარია ძმებო მომავალს,
მაგრამ ეს დღე რომ შენი შვილის სიკვდილს ემთხვევა,
რაღა აზრი აქვს რა იქნება და რა დრო გავა
აწი, ნერვებზე დაკიდებულ ყოფის არიას
უკრავენ წლები და ერთია უკვე მთავარი:
იქ თუ არ დგახარ ახლა, სადაც ქარიშხალია,
იქაც არ დადგე ქარიშხალი სადაც არ არის!...

რეცეპტი

ნინო, ეს ღმერთი, როგორც ეს დღე, როგორც პლანეტა,
მრგვალია, ჩვენ კი სიზმარი ვართ კერპების ვიღაც,
ვსაუბრობთ ისე თითქოს ყველა ბრძოლას დავნებდით
და თიხისაგან გაჩენილი გვინდა რომ თიხად
ვიქცეთ, იმედსაც აშკარაა სული ერთი აქვს
როდის მიუტანს ბოლო სტრიქონს ლუციფერს, ხონჩით,
ჩვენ ერთმანეთით გავხდით ავად და სულერთია
იმ წამის შემდეგ ყოფა, თუ კი უეცრად მოვრჩით!...





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1491 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0