Загрузка...
როინ აბუსელიძე - რამოდენიმე ლექსი ძველებიდან / roin abuselidze - ramodenime leqsi dzvelebidan - 26 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » როინ აბუსელიძე - რამოდენიმე ლექსი ძველებიდან / roin abuselidze - ramodenime leqsi dzvelebidan


8:04 PM
როინ აბუსელიძე - რამოდენიმე ლექსი ძველებიდან / roin abuselidze - ramodenime leqsi dzvelebidan
ზიზი. სიზმარი

თქვენ გახსოვთ ალბათ ძვირფასო ზიზი,
პორტო ფრანკო და წყვილი ქარაგმა,
გაგეცინებათ და წვიმის ზიზღი
ქალაქში ისევ წვიმამ ალაგმა.

ჩანდნენ ქოლგები, გრძნობათა მოტივს -
არ ჰქონდა არსი, წვეთების დენთიც
სკდებოდა ზღვაში... და ჩანდა ფლოტი
და მახსოვს ზიზი რომ კარგად წერდით.

შეგეძლოთ ვრცელი საუბრის ასხმა,
მე კიდევ ბევრი დუმილი გკადრეთ,
და ბავშვობაში, ასე, ჩემს მსგავსად,
დაკარგეთ მამა ძალიან ადრე.

ვიყავით ერთად, მაგრამ ცხადია,
რომ ორ სხვადასხვა ბილიკს მივაგნეთ
და ყურადღებას აღარ ვაქცევდით,
ქარის სიმძიმით დახრილ იალქნებს,

მერე დავშორდით, გრიგალში ორპირ
და ყველაფერი დარჩა თამაშად,
წუხელ კი მაინც მესიზმრეთ, ქოლგით,
ცისფერ ქურქში და მწვანე კაბაში.

შობა (ნინოს)

იანვარს ექვსი რიცხვი მიკვნიტა
წამმა, წევხარ და გიცქერ სიცხიანს,
საკუთარ სიკვდილს ვიხდი შიგნიდან
და სულზე შენი სუნთქვა მიცხია.
სიცივეს ხშირი ხვნეშით აკავებ,
ვერ უმკლავდები ღამეს _ მიზანთროპს
და ჩახუტებით გინდა კანკალი
ორგანიზმიდან გამოგიზამთრო...
მე კი ჩემში ვარ ისე ჯიუტად,
რომ შენს სიყვარულს ვატარებ დღემდე
და ვყლაპავ ცრემლებს როგორც იუდა,
იესო ქრისტეს გაყიდვის შემდეგ -
რადგან სხვაგვარად სამგლოვიარო,
ჩვენთვის ახალი წელი - იყო წელს,
ღიად ვიტოვებ გულის იარას,
შიგნით გაწვენ და მერე ვიხორცებ.
სულშიც მრავალი ბოღმა გავცერი,
როგორც წარსულის ზერელე ჭორი,
მიგნებასავით ვდგავარ დაწერილ
და არდაწერილ სტრიქონებს შორის.
სადაც მიყვარხარ ასე მარტივად,
ასე რთული და ასე მარტივი
და თოვლი ტირის როგორც სატირა
და მზეც ამოდის თითქოს სატირით -
ამ შობის დილით ნინო, იმდენად...
რომ გამთენიაც ისე მომწყინდა,
საკუთარ ლექსებს სულში მივდენი
და ამოხტომას ვცდილობ ხორციდან!...

სულის სონეტი

მინდა გავბედო ერთი ცალი ჩემიც სონეტი.
სანაპიროზე ენაცვლება ფრეგატს ფრეგატი,
ვზივარ და ვუცქერ დედამიწის ფერად ნეგატივს
მოდილიანით, პიკასოთი და კლოდ მონეთი.

მე ვიცი ეს გზა არ მიქადის არრას დადებითს,
ვერ გადავიტან აშკარაა ამ ცივ სარწყუნისს,
ჩემი სიცოცხლეც სათუოა, მაგრამ დავრწმუნდი
ასჯერ რომ გავჩნდე სულ პოეტად დავიბადები.

ეს დღეც მოკვდება! უსათუოდ! ისე აციებს,
იმოსავს ღრუბელს და ჩემსავით ისიც მარტოა
ვზივართ ამგვარი მიჩვეული სიმარტოვეთი,

ვზივართ და ვუცქერ ამინდების ვარიაციებს,
უმამაჩემოდ წელს პირველმა თოვლმა დამთოვა
და ამიტომაც სევდიანი შემრჩა სონეტი.

თომა ბოლქვაძეს

ცხოვრება ასეა ჩემო თომა,
თავი მუდამ უნდა ალოთო,
მერე ისევ მოვა შემოდგომა,
მერე ისევ ისე ჩამოთოვს.

ბათუმს შეემჩნევა ალერგია,
წითლად დააყრიან კვირტები
ალბათ შეგვინახავს რელიქვიად,
როცა უკვე აღარ ვიქნებით.

ვიღაც მოიგონებს გაგონილებს,
სიტყვებს, ისტორიებს მოყოლილს,
ჩვენ კი იმნაირად დავსრულდებით
როგორც ხეზე ბოლო ფოთოლი -

მარტმაც ატმის ფიფქი შემოთოვა,
დღეებს ვუყურებდი ფანჯრიდან,
ცხოვრება რთულია ჩემო თომა,
თუ კი სიცოცხლისთვის დაგჭირდა.

(მარტის ვარაუდი მოაქვთ კოინდარებს)

მარტის ვარაუდი მოაქვთ კოინდარებს,
ცოცხალ საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან,

თორემ შევიშალე, თორემ პანაშვიდებს,
ვითვლი, ჩაიარა თითქმის ასიოდემ,
ნერვებს ვიზოგავ და რაღა დამამშვიდებს,
კუზის გარეშე რომ დადის ქვაზიმოდო...

მსგავსი უკმარობა სულსაც მიხუთავდა,
ჩემი ურწმუნობაც ბრბოს თუ უხარია,
ვინც კი უღალატებს არის იუდა და
ვისაც ღალატობენ ყველა უფალია?! -

აღარ დავიჯერებ, ვეღარ დამაჯერებთ!
ვხედავ ურმიანი ბევრი ტრამალია,
სანამ გადაბრუნდა დროზე გააჩერეთ,
ჩემი ბილიკები ღამით სავალია

და შენც გამომყევი სანამ მატაოცებს,
დავსდევ, მივიჩვიე თრობა, ხეტება და
ჩემში არაფერი შენ არ გაგაოცებს,
გარდა პოეტური შემოფეთებათა –

ლექსის, სტრიქონის თუ... მარტი კოინდარებს
მოაქვს, საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
მხოლოდ ერთი პეშვი ღმერთი მომიტანე,
მარტო ერთი ცალი ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1870 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0