როინ აბუსელიძე - ტაიმ-აუტი / roin abuselidze - time out
დღეს ისევ წვიმაა ამინდის ტაქტიკა, წვეთები ტოვებენ ტოტებზე სტალაქტიდს და ხვდები პოეტიც რომ უფლის ტაქტი ხარ, უბრალოდ ქრისტეში ვერაფრით დალაგდი. უბრალოდ იესო ვერაფრით დალაგდა, ამ ცოდვანაგროვებ შენსა და შენს შორის, გრჩება საკამათო ჩონჩხიან ქალაქთან, შიშველ მეფეებთან და როგორც სენსორი, ისეა დღეს შენი დამპალი ლირიკა, ღმერთშია შველა და ღმერთშია ხაფანგი, ყველა სინანული მან ჩამოგირიგა, როდესაც ტკივილებს ნერწყვივით ყლაპავდი. ახლა კი უბრალოდ ზიხარ და იგონებ, შენს მერის, ოლივერს, დანტეს და ჯონათანს, დღეს ვინ დაგიჯერებს რომ თვითონ იპოვნე პოეტში მთვარე და მთვარეში სონატა. დღეს ვინ დაგიჯერებს ბავშვობის გვირისტი, ცამდე სავალალო, წარსულს რომ შეახმა, როგორ გამზადებდნენ წლები გვირგვინისთვის და მეფე კი არა რაინდიც ვერა ხარ და მიხვდი პოეტი რომ უფლის ტაქტია, უბრალოდ ქრისტეში ვერაფრით დალაგდი, დღეს ისევ წვიმაა ამინდის ტაქტიკა, წვეთები ტოვებენ ტოტებზე სტალაქტიდს!...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..